ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მის უფლებებს ევროსასამართლოში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დაიცავს.

სტრასბურგში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ პოლიციელების მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ მისი ვიდეოგადაღება და ამ ჩანაწერების საჯაროდ გავრცელება იყო უკანონო. ამასთან, მათი გადაღება და გავრცელება ემსახურებოდა არა საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, არამედ ზვიად რატიანის მიმართ ნეგატიური განწყობის შექმნას და მისი პიროვნების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას.

EMC ზვიად რატიანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, EMC-მ სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა 2019 წლის 5 აგვისტოს, სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან ზვიად რატიანის შესაძლო არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ამ ფაქტის არაეფექტური გამოძიების გამო ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

ზვიად რატიანის საქმე

პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ, სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.

საზოგადოებრივმა მაუწყებლის თვთრეგულირების მექანიზმის სააპელაციო საბჭომ პირველ მარტს რატიანის ვიდეოს მათ ეთერში გავრცელების საკითხი განიხილა და პერსონალური მონაცემების დარღვევა ვერ დაინახა.

2018 წლის 2 მარტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გასაჯაროების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად სცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

რატიანმა ინციდენტის შემდეგ ქვეყანა დატოვა. რატიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.