ჩინური 75 მილიარდდოლარიანი სტარტაპის, ByteDance-ის აპლიკაცია TikTok დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია. მას უკვე ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანიას პრობლემები აშშ-ში მას შემდეგ შეექმნა, რაც ByteDance-ის ნაყიდი აპლიკაცია Musial.ly, რომელიც წინა აგვისტოს TikTok-ს შეუერთდა, არასრულწლოვნების პირადი ინფორმაციის არალეგალურ შეგროვებაში დაადანაშაულეს.

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიხედვით, Musical.ly-ს შესწავლამ აჩვენა, რომ კომპანია "პატარა ბავშვების ადგილმდებარეობას და სხვა სენსიტიურ ინფორმაციას აგროვებს და ასაჯაროებს".

მშობლებისგან გაგზავნილი საჩივრების მიუხედავად, კომპანიამ მოთხოვნების დაკმაყოფილება და არასრულწლოვანი ბავშების ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოახერხა.

FTC-ის განცხადებით, აღნიშნულის გამო, TikTok-მა ჯარიმის სახით 5,7 მილიონი დოლარი გადაიხადა. ოთხშაბათს კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ არასრულწლოვანთა დასაცავად ის "დამატებით ზომებს" მიიღებდა. ამასთანავე, კომპანიას სურს, მშობლებს შვილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტი ბერკეტი მიეცეთ.

კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბავშვებისთვის TikTok სხვანაირად იმუშავებს. ისინი "თავიანთ ვიდეოებს TikTok-ზე საჯაროდ ვერ გააზიარებენ, სხვა მომხმარებლებს ვერ დაუკომენტარებენ და ვერ მიწერენ". ამასთანავე კომპანიის თქმით, ბავშვების TikTok პროფილების გამოწერაც შეუძლებელი იქნება.

TikTok-ის ეს პრობლემა მანამდე Musical.ly-ს ჰქონდა (აპლიკაცია, რომელიც TikTok-მა შეიერთა). Musical.ly რეგისტრაციისთვის მომხმარებლების იმეილს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და პროფილის სურათს ითხოვდა.

FTC-ის თქმით, Musical.ly-ს საკმარისი საბუთი ჰქონდა იმისა, რომ აპლიკაციის პრაქტიკა არაკანონიერი იყო და ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტს (COPPA) სერიოზულად არღვევდა. მსგავსი ინფორმაციის გაცემა, ბავშვებს, მშობლების ნებართვის გარეშე არ უნდა ჰქონდეთ.

FTC-ის თქმით, Musical.ly-ზე რეგისტრირებულ ბავშვებთან დაკავშირებას აპლიკაციის მეშვეობით ზრდასრულები ცდილობდნენ. ამათანავე, 2016 წლის ოქტომბრამდე აპლიკაციის მომხმარებლს სხვა მომხმარებლის ადგილმდებარეობის დანახვა შეეძლო, თუ ის 80 კილომეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

Music.ly-ზე არსებული პრობლემები, როგორც ჩანს, TikTok-მა უგულებელყო.

FTC-ის განცხადებით, ჯარიმის გადახდის გარდა, TikTok-ს 13 წლამდე ბავშვების ყველა ვიდეოს წაშლა მოუწევს.

საერთაშორისო სკანდალის მიუხედავად, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დიდი ტექ. კომპანია არასრულწლოვანთა ინფორმაციას არაკანონიერად აგროვებს და იყენებს. დეკემბერში Verizon-ის კომპანია Oath 5 მილიონი დოლარით დაჯარიმდა. 2011 წელს კი 3 მილიონი დოლარის გადახდა Disney-ს მოუწია.