სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს, 3 მაისს გაიხსნა. უწყების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ მანქანებს დეზინფექციას უტარებს, მომხმარებლებს დამცვავ საშუალებებს აძლევს, ტარდება თერმოსკრინინგი.

სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა.

პირველ მაისს გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა დასაწყობებული პროდუქტი, ტომრებში შენახული მწვანილი ნაგვის ურნაში გადაყარეს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ სცადეს ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი გააფრთხილა.

სურსათის სააგენტოს განცხადებით, ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება, 3 მაისის მონაცემებით კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.