დღეს სმარტფონი მილიარდობით ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ შეიძლება სმარტფონი ინფექციის პათოგენების — ვირუსების და ბაქტერიების გავრცელების წყაროდ იქცეს.

მობილური ტელეფონით ვირუსის ნაწილაკების გავრცელების შესაძლებლობა სერიოზულ რისკს შეიცავს. ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ მობილური ტელეფონით ვირუსი მარტივად ვრცელდება ახლობლებში, სამსახურში, სამედიცინო და კვების ობიექტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ თვითმფრინავის ბორტზე.

მართალია, ამჟამად მობილურ ტელეფონებზე, როგორც ვირუსის გავრცელების საშიშროებაზე ძალიან ცოტას საუბრობენ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სმარტფონით ვირუსის, მათ შორის COVID-19-ის გავრცელება გამორიცხულია.

რა აჩვენა კვლევამ

მობილური მოწყობილობით ვირუსების გავრცელების საკითხზე 2005-2019 წლებში 24 ქვეყანაში ჩატარებული 56 კვლევის შედეგად, ზოგ მობილურ ტელეფონზე ბაქტერიებთან და ვირუსის ნაწილაკებთან ერთად, სოკოს სპორებიც აღმოაჩინეს. კვლევაში გამოყენებული სმარტფონების 68% ინფექციის გადამტანი აღმოჩნდა. ცხადია ეს რიცხვი რეალურად უფრო მაღალი უნდა იყოს, რადგან კვლევებში ძირითადად კონკრეტული ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობას სწავლობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა მსგავსი კვლევა COVID-19-ის გამოჩენამდე ჩატარდა. ვირუსის გავრცელების გზების ლაბორატორიული კვლევა, საკმაოდ რთულ პროცესს უკავშირდება, რის გამოც დღეს ამ საკითხზე ერთადერთი კვლევა არსებობს, რომელიც რნმ ვირუსებს უკავშირდება (ვირუსების ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსების ოჯახი განეკუთვნება).

ამ კვლევით გაირკვა, რომ მედპერსონალის და სხვა მოქალაქეების სმარტფონების შედარებისას დაბინძურების მაჩვენებელი დიდად არ განსხვავდებოდა.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი

ინფექციით დაბინძურებული ტელეფონის ზედაპირი ჯანმრთელობისთის საკმაოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენს. მსგავს ზედაპირებზე ვირუსი რამდენიმე საათიდან, რამდენიმე კვირამდე ცოცხლობს. კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მობილური ტელეფონი დიდი ალბათობით ასევე დაბიძნურებულია ვირუსის ნაწილაკებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფიცირებული პაციენტის მობილურთან პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტის შემთხვევაში, ვირუსი შესაძლოა მარტივად გავრცელდეს.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა სენსორული ეკრანის მქონე მოწყობილობა, აეროპორტებში არსებული ჩასარიცხი აპარატები და ბანკომატები იყოს.

მობილური ტელეფონი ინფექციებისა და ვირუსების თითქმის იდეალური გადამტანია. ტელეფონზე საუბრისას, მის ზედაპირზე ხშირად ხვდება ლაპარაკის დროს გამოყოფილი მიკროსკოპული წვეთები. ჩვენ მათ საკვების მიღების დროსაც აქტიურად ვიყენებთ, რაც მიკრობებისთვის იდეალური გარემოა სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. სმარტფონებს ხშირად იყენებენ ასევე საპირფარეშოში, რაც შესაძლოა მისი ფეკალური დაბინძურების გამომწვევიც იყოს.

მობილურ მოწყობილობებს ჩვენ ხშირად ჩანთით ან ჯიბით ვატარებთ, რაც ბაქტერიებისთვის იდეალურ კლიმატურ პირობებს ქმნის. ამასთან ერთად ჩვენ თითქმის არასდროს არ ვზრუნავთ მობილური მოწყობილობის დეზინფექციაზე.

გაწმინდეთ მობილური ტელეფონები

სახელმწიფო რეკომენდაციებში ხშირად საუბრობენ ხელების ჰიგიენაზე, თუმცა არაფერია ნათქვამი მობილური და სხვა სენსორული მოწყობილობების გამოყენების საშიშროებაზე.

საშუალოდ ადამიანი დღეში სამ საათზე მეტს ატარებს ტელეფონთან და დღის განმავლობაში მას 5000 ჯერ ეხება. ასეთ დროს, მობილური მოწყობილობის დეზინფექციის გარეშე მხოლოდ ხელების ხშირი დაბანის წახალისება ნაკლებად ეფექტური ხდება.

სმარტფონისა და სხვა სენსორული მოწყობილობების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს ხალხმრავალ ობიექტებსა და სატრანსპორტო საშუალებებში. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე პანდემიის პირობებში.