აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ რემდესივირი გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

მედიკამენტის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება FDA-ის მიერ მედიკამენტის სრულფასოვნად დამტკიცებას (როგორც ეს სტანდარტულ შემთხვევებში ხდება ხოლმე) არ ნიშნავს. არამედ, ეს მიდგომა იმედისმომცემ პრეპარატებთან მიმართებაში მაშინ გამოიყენება, როდესაც დაავადების მკურნალობის სხვა დადასტურებული მეთოდი არ არსებობს. FDA-ს აზრით, გარკვეულ პაციენტებში, რემდესივირის დადებითი გავლენა მისი გამოყენების შესაძლო რისკებს აჭარბებს.

ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, მედიკამენტის გამოყენება იმ ჰოსპიტალიზებული პაციენტების შემთხვევაში შეიძლება, რომელთაც დამატებითი ჟანგბადი ან სუნთქვის აპარატი სჭირდებათ.

FDA-ის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღეს, რომლის შესახებმაც აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ოთხშაბათს, 29 აპრილს ისაუბრა. კვლევის მიხედვით, მედიკამენტმა მძიმე პაციენტებში დაავადების ხანგრძლივობა 4 დღით შეამცირა. თუმცა კვლევის დამატებითი დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

აღსანიშნავია, რომ 29 აპრილს გამოქვეყნდა ჩინეთში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევაც, რომლის შედეგების მიხედვით, რემდესივირის დადებითი გავლენა არ დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ, კვლევის მიხედვით, რემდესივირის მიღება უსაფრთხოა და ორგანიზმი მას ადეკვატურად იღებს, თუმცა მედიკამენტმა პლაცებოსთან შედარებით უპირატესობა არ აჩვენა", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ბინ ჩაომ The New York Times-თან საუბრისას.