პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ტრანსგენდერებს მიმართავს, რომ თუ გადაუდებელ დახმარებას ვერ მიიღებენ, პირადად მას მიმართონ. ამის შესახებ კილაძემ ფეისბუქზე დაწერა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა გუშინ. ტრანსგენდერმა ქალმა სცადა თავის დაწვა თბილისის მერიასთან. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პანდემიის პირობებში, მოწყვლადი ჯგუფები სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ.

მინდა მივმართო ტრანსგენდერებს: დახმარებისთვის მიმართეთ თვითმმართველობებს, რომლებიც ახლა საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა შესულ განცხადებაზე უსწრაფესად რეაგირებენ.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჭიროებთ გადაუდებელ დახმარებას და ვერ მიიღებთ მას, აუცილებლად მომართეთ კომიტეტს, ან მომმართეთ მე პირადად სოციალურ ქსელში", — წერს კილაძე.

გუშინ 30 აპრილს ტრანსგენდერმა ქალმა კარანტინის პირობებში მძიმე სოციალური პრობლემების გაპროტესტებისას თვითმკვლელობა სცადა.

თანასწორობის მოძრაობა მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები მოიაზროს და უზრუნველყოს ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით. ორგანიზაცის განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად არიან მოკლებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.