ნინო ჟიჟილაშვილი TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აღარ არის. როგორც არხის დირექტორმა და ტელეწამყვანმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს უთხრა, ჟიჟილაშვილი კვირაში სამჯერ ახალ თოქ-შოუს წაიყვანს.

"არჩევნები მოდის და არხი ვემზადებით იმისთვის, რომ კორონავირუსი რომ გადაივლის, უკვე პოლიტიკური წინასაარჩევნო პერიოდისთვის ვიყოთ მზად", — აღნიშნა გრიგოლიამ.

როგორც გრიგოლიამ თქვა, საინფორმაციო სამსახურს თვითონ უხელმძღვანელებს:

"დიდი არაფერი ცვლილება არ არის, მეორედან მესამე სართულზე ასვლა-ჩამოსვლის თემაა ჩემთვის, ისედაც მუდმივ კონტაქტში ვიყავი საინფორმაციოსთან", — აღნიშნა მან.

ნინო ჟიჟილაშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსად თებერვლის ბოლოს დაინიშნა. მისი წასვლა სამსახურის უფროსობიდან დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას.

ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა. ის TV პირველზე მთავარი პროდიუსერი გახდა და ყოველკვირეულად საავტორო გადაცემასაც წაიყვანს. მელაძესთან ერთად TV პირველში მთავარი არხის რამდენიმე ჟურნალისტიც გადავიდა.