ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის ადვოკატი აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატის თქმით, იმედი აქვთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს შეცვლის. ამ თემაზე მანდ მთავარ არხთან ისაუბრა.

"გავასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მამა დავითს ე.წ. ორთვიანი პატიმრობა მიესაჯა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არცერთი საფუძველი არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, თუმცა სამწუხაროდ, გორის რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა რომ არსებობდა", — ალექსანდრე კობაიძე.

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 29 აპრილს შეუფარდა. 30 აპრილს რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადებაა გაავრცელა და უარყო, რომ ბრალდებული მამა დავითი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარია. მათი განცხადებით, ეს ინციდენტი მათ ეპარქიაში არ მომხდარა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტერში მოღვაწე მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".