29 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 3 300 062;
  • გარდაცვლილი — 233 639;
  • გამოჯანმრთელებული — 1 037 913.

მდგომარეობა საქართველოში

  • დადასტურებული შემთხვევა — 539;
  • გამოჯანმრთელებული — 184;
  • გარდაცვლილი — 6;
  • კარანტინის რეჟიმში — 5 243;
  • სტაციონარში — 550;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.

დღის ფოტო: პერუში პატიმრები ტესტირებას ითხოვენ

ფოტო გადაღებულია ლიმას ერთ-ერთ ციხეში. ბანერზე წერია: "გვინდა ჩაგვიტარდეს Covid-19-ის ტესტირება, ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება"

ფოტო: Reuters / Sebastian Castaneda

დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შვედეთი მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს — WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემცირების შემდეგ ის მსოფლიოსთვის "მოდელი" უნდა გახდეს იმისა, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ კორონავირუსს მინიმალური აკრძალვებით.

"ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა", — განაცხადა რაიანმა.

შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.

"ჩვენ მომავალში ვანხავთ, რამდენად სწორი გამოდგა ეს მიდგომა", — ამბობს რაიანი.

რა ხდება მსოფლიოში

ნიუ-იორკის გუბერნატორი დგას იმ პირბადეებისგან შექმნილი კედლის წინ, რომლებიც შტატში ვირუსის აფეთქების დროს აშშ-ს მოქალაქეებმა სხვადასხვა შტატებიდან დასახმარებლად გაგზავნეს

ფოტო: Reuters

დღის ციტატა მსოფლიოში

ფოტო: CNN

"და რა? რა გავაკეთო? მეც ვგლოვობ. რა გინდათ რომ ვქნა? მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ" — ასე უპასუხა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ მესიას ბოლსონარუმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სიკვდილიანობის რიცხვის ზრდაზე დაუსვეს კითხვა.

რა ხდება საქართველოში

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რიცხვი 539-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და მათი რიცხვი 184-მდე გაიზარდა.

კორონავირუსი გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ლგბტქი ადამიანები, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ისინი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდნენ და დახმარებას ვერ მიიღებენ, ამიტომ დღეს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა.

"ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში", — ასე ეხმიანება თანასწორობის მოძრაობა მომხდარს და მთავრობას დახმარებისკენ მოუწოდებს.

მათი განცხადებით, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები უნდა მოიაზროს და უზრუნველყოს ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით. ორგანიზაცის განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად მოკლარიან ებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.

სხვა მნიშვნელოვანი ამბები:

დღის კარგი ამბავი

ქველმოქმედი კაპიტანი ტომი 100 წლის გახდა და ის პოლკოვნიკამდე დააწინაურეს

ფოტო: Reuters

ტომ მური, იგივე კაპიტანი ტომი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელმაც შეძლო და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად 37 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. ის 30 აპრილს 100 წლის გახდა.

ტომმა დაბადების დღემდე თითქმით ერთი თვით ადრე გადაწყვიტა დიდი იუბილეს აღსანიშნავად პანდემიის დაძლევაში შეეტანა წვლილი და საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხა შეეგროვებინა: მან საკუთარი თავი ეზოში დამოუკიდებლად სეირნობაში გამოიწვია: თუ ამ დავალებას წარმატებით გაართმევდა თავს და დაამტკიცებდა, რომ თავს კვლავ მხნედ გრძნობს, მაშინ სურვილის შემთხვევაში სხვებს საქველმოქმედო ფონდში თანხა უნდა გადაერიცხათ. მისი მიზანი 100 გირვანქა სტერლინგის შეგროვება იყო, თუმცა საბოლოო თანხამ ათეულობით მილიონი შეადგინა.

ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებმა და ბრიტანელმა ვარსკვლავმა, მაიკლ ბოლმა მასთან ერთად ცნობილი სიმღერის, You Will Never Walk Alone-ის (შენ არასდროს ივლი მარტო) ქავერი ჩაწერეს, რომელმაც კვირის ბოლოს დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა

ესპანელმა ექიმმა ტვიტერზე დაწერა, რომ პაციენტის გასამხნევებლად დახმარება სჭირდებოდა და 15 000 შეტყობინება მიიღო

ფოტო: CNN

ესპანელმა ექიმმა 79 წლის პაციენტის გასამხნევებლად დახმარება ტვიტერზე ითხოვა. მისი თქმით, მოხუცი 46 დღეა ინფიცირებულია და დაღლილი და მოწყენილი იყო. დახმარების მსურველებმა მას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიმართეს და თბილ მესიჯებთან ერთად, ვიდეოებიც გაუგზავნეს.

დღის საკითხავი

რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ადამიანთან შეხებაზე?

ფოტო: Kristen Radtke

პანდემიის ფონზე, როცა ადამიანური შეხება უპრეცედენტოდ დეფიციტური გახდა, The Atlantic-მა სთხოვა მკითხველებს, გაეზიარებინათ ის შეხებები, რომლებიც მათ განსაკუთრებული სიმძაფრით დაამახსოვრდათ.

დღეს თითქოს კაცობრიობამ ჩახუტება, გადაკოცნა თუ ხელის ჩამორთმევა შორეულ წარსულში მოიტოვა. ამიტომ იმ შემთხვევებში, როდესაც შეხება უსაფრთხოა, ჩვენ ის გამიზნულად უნდა გამოვიყენოთ — ამ ქმედებას ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ჩვენს კარადებში მომარაგებულ პროდუქტს, რადგან ისიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. "ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია შეხება; განსაკუთრებით, როცა საქმე შფოთვის შემსუბუქებას ეხება", — ამბობს მელისა ფაბელო, რომელიც სწავლობს შეხების პატერნებს კვებითი აშლილობების მქონე ახალგაზრდა ქალებში.

ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:

ნახეთ წინა შეჯამებები: