ფელისიტი ჰოფმანის შვილი, სოფია მეისი SAT-ის ტესტის ხელმეორედ ჩაბარების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ის პენსილვანიაში, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში ისწავლის.

გასულ წელს, ცნობილი გახდა, რომ სასოწარკვეთილი დიასახლისების მსახიობმა 15 ათასი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სოფიას ტესტის შედეგები ხელოვნურად გაესწორებინათ, რომ ის სასურველ ფაკულტეტზე მაღალი ქულებით ჩარიცხულიყო. ე.წ. კოლეჯის სკანდალის სახელით ცნობილ საქმეში უამრავი ამერიკელი მდიდარი ოჯახი გამოაშკარავდა. ჰოფმანმა ბრალი აღიარა და ციხეში 11 დღე გაატარა, ჯარიმის სახით $30 000 გადაიხადა და 250 საათის განმავლობაში საზოგადოების საკეთილდღეოდ იმუშავა.

მსახიობმა წარსულში განაცხადა, რომ მისი ქმედების შესახებ 19 წლის შვილმა არაფერი იცოდა და ამ ამბის გაგებამ ის ემოციურად გაანადგურა.

"ჩემი შვილი მიყურებდა, სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა და მეკითხებოდა: "რატომ არ გჯეროდა ჩემი? რატომ ფიქრობდი, რომ ამას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი?" მის კითხვებზე ადეკვატური პასუხი არ მქონდა. მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემეძლო. შეშინებული და სულელი ვიყავი და უადგილო ნერვიულობის დროს გავაკეთე ის, რისი არიდებაც ყველაზე მეტად მინდოდა. მე ჩემი შვილის მომავალი დავთმე და მას სახელი გავუტეხე", — დაწერა ჰოფმანმა მოსამართლისთვის განკუთვნილ წერილში.

სასამართლო პროცესზე ჰოფმანმა ასევე ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად თავს არ ზოგავენ.

SAT სტანდარტული მისაღები გამოცდაა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ის მოიცავს კრიტიკული აზროვნების ნაწილს, მათემატიკას და ესსეს წერას.

ამავე თემაზე: