ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი რიში კაპური, რომელსაც მაყურებლები თავისი რომანტიკული როლებით იცნობენ, 67 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

მსახიობმა პირველი დიდი წარმატება ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში 1973 წელს ფილმ Bobby -ში შესრულებული როლით მოიპოვა, მას შემდეგ კი კიდევ ათეულობით სხვა ბოლივუდურ კინოსურათში მოირგო ცნობილი როლი.

"ის ბოლო წუთამდე საოცრად მადლიერი იყო ფანების სიყვარულით, რომელსაც მთელი მსოფლიოდან გრძნობდა. ერთგულ გულშემატკივრებს, ალბათ, ესმით, რომ მას გაუხარდებოდა, გარდაცვალების შემდეგაც ცრემლების ნაცვლად ღიმილით გავიხსენოთ", — წერია რიში კაპურის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

BBC-ის ცნობით, გარდაცვლილის ოჯახმა ფანები და მეგობრები გააფრთხილა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მასობრივი თავშეყრისგან თავი შეიკავონ:

"ამ მტკივნეული პიროვნული დანაკარგის მიუხედავად, ვითვალისწინებთ მთელ მსოფლიოში არსებულ მძიმე მდგომარეობას. საჯარო თავშეყრასა და გადაადგილებაზე მრავალი შეზღუდვაა, შესაბამისად, ვისურვებდით, რომ რიშის ფანებმა და კეთილისმსურველებმა მას პატივი კანონის დარღვევის გარეშე მიაგონ".

რიში კაპური ბოლივუდის ლეგენდის, რაჯ კაპურის შვილია, რომელსაც ქართველი მაყურებლები ასევე კარგად იცნობენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობი საქართველოს სხვადასხვა დროს სტუმრობდა.

რიში კაპურის ლეიკემიის დიაგნოზით გარდაცვალების ცნობა კიდევ ერთი სახელოვანი ინდოელი მსახიობის, ირფან ხანის გარდაცვალებიდან ერთი დღის შემდეგ გავრცელდა.