ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პლაქვენილი ერთგვარად ქართველი ექიმების წარმატების საზომი გახდა. მისი განცხადებით, საზოგადოების ნაწილს ექსპერტებისგან სურს მიიღოს პასუხი, რომ პლაქვენილი კორონავირუსის სამკურნალოდ ცუდია. ამ თემაზე თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"პირდაპირ ეკითხებიან აქაურ, უცხოელ ექსპერტებს, საქართველოში მცხოვრებს, პლაქვენილი კარგია თუ ცუდია და უნდათ რომ მიიღონ პასუხი — პლაქვენილი ცუდია, რომ მისი ხმარება არ შეიძლება, არ ვარგა, ძალიან ტოქსიკურია, არაფერს არ აკეთებს. იმიტომ, რომ პლაქვენილი ერთგვარად ასოცირებული გახდა ამ ქართველი ექიმების წარმატებასთან და იმ შედეგებთან, რომელიც მიღწეულია", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის თქმით, ოფიციალურად არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ რომელიმე წამალი კორონავირუსის სამკურნალოდ ნამდვილად კარგია. მისი თქმით, პლაქვენილი გაიგივებულია მასთან და ქართველ ექიმებთან: "თუ პლაქვენილზე ვინმე იტყვის, რომ ცუდია, ესე იგი, აი ქართველი ექიმები ცდებოდნენ, მცდარი გზით მიჰყავდათ მკურნალობა და აქედან შეიძლება აიგოს ის, რომ ჯანდაცვის სისტემა მცდარ პლატფორმაზე იდგა".

თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, მკაცრადაა განსაზღვრული რომელ პაციენტებს უნდა დაენიშნოთ პლაქვენილით მკურნალობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 517 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია 178, ხოლო გარდაცვლილია 6. კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 549.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: