განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს გორის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მეორე სასულიერო პირისთვის არ უსვრია და გასროლა ვიღაც პირის მიერ გაურკვეველ ვითარებაში განხორციელდა. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და ის არც გამოძიების მიერ არის ამოღებული.

ყინწვისის მამათა მონასტერში სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა. თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".

რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირის დაჭრას ეპარქიის მიტროპოლიტი იობი უარყოფდა.