მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებისთვის ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა მაისის თვიდან უნდა დაიწყოს. ამ კომპენსაციის მიმღებთა სიაში ხვდება ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს.

თვითდასაქმებულები არიან ძიძებიც, რეპეტიტორებიცა და ტაქსის ის მძღოლებიც, რომლებიც ლიცენზიის გარეშე მუშაობენ, თუმცა მათ სახელმწიფო დასაქმების მისაღებად დამატებით საბუთებს სთხოვს. ამ ადამიანებმა რამე ფორმით უნდა დაადასტურონ, რომ დასაქმებულები იყვნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, ამ კატეგორიაში მყოფი ადამიანების მიმართ სამინისტროს მიდგომა "განსაკუთრებულად ლოიალური" იქნება. მისი განცხადებით, კომპენსაციას მისაღებად ამ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ:

  • საბანკო ანგარიში (სადაც შრომის ანაზღაურება რამე ფორმით ერიცხებოდათ);
  • საბანკო დაფარვები;
  • გადახდები;
  • ფულადი ტრანზაქცია;
  • ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზია;
  • იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა.

თუმცა, ამ საბუთებში არ შედის ოჯახების მიერ გაცემული რაიმე ცნობა, რომლის მიხედვითაც, ოჯახი განაცხადებს, რომ პირი მათთან მუშაობდა და შემოსავალს ხელზე იღებდა.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომლებიც პირობითად მუშაობდნენ ძიძად, შემოსავალს იღებდნენ ხელზე და არანაირი საბანკო ტრანზაქცია არ უფიქსირდებათ, სამინისტრო On.ge-ს პასუხობს: "ამ ეტაპზე ვერაფერი".

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, თათა გვარამაძე აღნიშნავს, რომ პირველ ეტაპზე, სამინისტროს კომპენსაციის გასაცემად ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები აქვს შედგენილი, თუმცა მომავალში კომისია ამ საკითხზეც იმსჯელებს.

"ამ ეტაპისთვის არის ამ დოკუმენტებით შემოფარგლული ეს პროცესი, და პროცესი ჯერ არც დაწყებულა, 15 მაისიდან იწყება პლატფორმა, შემდეგ დავაკვირდებით, შევხედავთ რაოდენობასაც, წარმოდგენილ დოკუმენტებსაც. ყველას ამოცანაა, რომ ვისაც უჭირს, მაქსიმალურად სამართლიანად დავეხმაროთ ამ ადამიანებს, არავინ მათი დახმარების წინააღმდეგი არაა. ამ კომისიის ფარგლებში იქნება მსჯელობა, უკვე რა დოკუმენტაცია იქნას ასეთ შემთხვევაში მხედველობაში მიღებული", — თქვა თათა გვარამაძემ.

არაიდენტიფიცირებადი თვითდასაქმებულებისთვის განცხადებების განხილვას 15 მაისიდან სპეციალური კომისია დაიწყებს. კომისია გადაწყვეტილების მისაღებად სიას უწყებათაშორის კომისიას 2 კვირის განმავლობაში გაუგზავნის. მას შემდეგ, რაც კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, აპლიკანტი 10 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღებენ კომპენსაციას.

გაიგეთ მეტი: