ევროპული საქართველოს განცხადებით, მთავრობის მიერ მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკის გადარჩენისათვის, წარმოდგენილი გეგმა დაგვიანებული არასაკმარისი, გაუმჭვირვალე და უშედეგოა.

ევროპული საქართველო საზოგადოებას სთავაზობს გეგმას, რისი მიხედვითაც აუცილებელია ბიოროკრატიული და ინფრასტრუქტურული ხარჯების 1,7 მილიარდით შემცირების, საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაბრუნების (650 მილიონი) და მომავალი 8 თვის მანძილზე ამ შენატანების შეჩერების (325 მილიონი), საერთაშორისო დახმარების მიღების გზით (1,1 მილიარდი დოლარი), 6 მილიარდი ლარის მობილიზება, რაც, მათი განმარტებით, შესაძლებელს გახდის:

  • მოქალაქეებს, ვინც დაკარგა სამსახური ან შეუმცირდა ხელფასი, სახელმწიფო დაეხმაროს მომავალი 8 თვის მანძილზე, ხელფასის ან დანაკლისის 50%-ით;
  • ევროპული საქართველო თვითდასაქმებულებს 400-ლარიან დახმარებასა და 120- ლარიან კომუნალურ ვაუჩერს სთავაზობს;
  • მნიშვნელოვანია რომ მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, დაიბრუნონ მათ მიერ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ყველა დასაქმებული საშუალოდ 500 ლარს დაიბრუნებს, ხოლო მეწარმე თითოეულ დასაქმებულზე 225 ლარს;
  • ევროპული საქართველო პენსიონერებს კომუნალურ გადასახადებზე 120-ლარიან ვაუჩერსა და 400-ლარიან ფულად დახმარებას სთავაზობს;
  • ევროპულ საქართველოში კი მიიჩნევენ, ეკონომიკის გადასარჩენად და ასი ათასობით ოჯახის სიღარიბისგან სახსნელად, მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით, ხოლო შემდეგ მისი 10%-ზე გაჩერება (1,7 მლრდ ლარი) , ასევე საწვავზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება (150 მლნ), ქონების გადასახადის განულება (390 მლნ) ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადის ცვლილება და მხოლოდ გაყიდული საქონლის დაბეგვრა.