სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ დაზარებული სასულიერო პირი ბრალდებულთან დაპირისპირებას უარყოფს, რადგან ისინი "ერთმანეთის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი".

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული მამა დავითის ბრალეულობა არცერთი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება.

"არცერთი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მამა დავითის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. არცერთი ფატქობრივი გარემოებებით არ დასტურდება, რომ რაიმე ფორმით კონფლიქტის ჰქონდა მამა დავითს. თავად მამა საბას აქვს აღნიშნული, რომ იგი სამედიცინო ექსპერტიზას არ საჭიროებს, ვინაიდან თავს ძალიან კარგად გრძნობს. საქმეში მამა საბას ჩვენება დევს, სადაც აცხადებს, რომ მამა დავითთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია და შესაბამისად ვერ ექნებოდა იმიტომ, რომ ისინი ერთმანეთის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი", — განაცხადა ალექსანრე კობაიძემ.

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 27 აპრილს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა.

თავად არქიმანდრიტი საბა ჟღენტი უარყოფდა, რომ იგი სასულიერო პირმა დაჭრა. მისი თქმით, დაჭრასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და ამით "გულნატკენია".

რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირის დაჭრას ეპარქიის მიტროპოლიტი იობი უარყოფდა.