ოსკარების დაჯილდოების მმართველმა საბჭომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მომავალ დაჯილდოებაზე ისტორიაში პირველად საკონკურსოდ იმ ფილმებსაც განიხილავენ, რომელთა პრემიერაც კინოთეატრებში არ შემდგარა.

აქამდე ფილმი აკადემიის წევრებს საკონკურსოდ რომ განეხილათ, ის ლოს-ანჯელესის კინოთეატრებში მინიმუმ შვიდი დღის განმავლობაში უნდა ყოფილიყო კინოგაქირავებაში. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს მხოლოდ დროებითი ცვლილებაა და ფილმების საკონკურსოდ მიღების ტრადიციული წესი პანდემიის დასრულების შემდეგ კვლავ აღდგება.

ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო მთელ მსოფლიოსთან ერთად აშშ-შიც ათასობით კინოთეატრი დაიკეტა, რის შემდეგაც ასეულობით ფილმის დაგეგმილი პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

"კინოაკადემიას კვლავ მტკიცედ სჯერა, რომ კინოს ჯადოსნურობის შესაგრძნობად კინოთეატრზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. ჩვენი ვალია, რომ ეს შემდეგშიც კვლავ ასე იყოს. მიუხედავად ამისა, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ტრაგიკული მდგომარეობის გამო გვიწევს ჩვენი დაჯილდოების წესებში დროებითი ცვლილებები შევიტანოთ", — აცხადებს აკადემიის პრეზიდენტი, დევიდ რუბინი.

ოსკარების 93-ე დაჯილდოებაზე ის ფილმები მოხვდება, რომელთა პრემიერაც კინოთეატრებში არ შემდგარა, თუმცა სხვადასხვა სტრიმინგ სერვისების საშუალებით, იქნება ეს Netflix, Hulu, Disney+ თუ სხვა, მაყურებელმა მაინც იხილეს. ამასთანავე ფილმის პროდიუსერებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი პროდუქტის კინოგაქირავებაში ჩაშვება დაგეგმილი იყო და მხოლოდ შექმნილი ვითარების გამო ვერ შეძლეს ამის განხორციელება.

ასევე აღსანიშნავია, რომ აკადემიამ ცვლილება შეიტანა დაჯილდოების ნომინაციებშიც: აქამდე ცალ-ცალკე გამოყოფილი ორი კატეგორია ხმის საუკეთესო მონტაჟი და ხმის საუკეთესო მიქსინგი ერთ ნომინაციაში გაერთიანდება.

ფილმების საკონკურსოდ მიღების წესებში ცვლილებები შეიტანეს ოქროს გლობუსის მესვეურებმაც: კინოთეატრში პრემიერა დროებით არც უცხოური პრესის ასოციაციისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ოსკარების მომავალი, 93-ე დაჯილდოება 2021 წლის 28 თებერვალს გაიმართება.