საქარრთველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეც რეისი ჩამოვიდა, რომელმაც 40,000 PCR ტესტი და ამდენივე ექსტრაქციის ნაკრები, დიდი რაოდენობით პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთები ჩამოიტანა.

უწყებაში ამბობენ, რომ იგივე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20,000 ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან შეიძინეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რომელიც ტვირთს აეროპორტში დახვდა, თავდაპირველად ეს ტესტები სიმპტომიან და კარანტინში მოთავსებულ პაციენტებს მოხმარდება.

"გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი: ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი", — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ჩარტერული რეისი შეღავათიან ფასად ავიაკომპანია "ჯეოსქაიმ" შეასრულა.