იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი რესპუბლიკური პარტიის წევრზე, ლევან ბერძენიშვილზე ამბობს, რომ მას ყველაფერზე თავისი აზრი აქვს და რომ "მიუშვა" წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს.

მისი თქმით, ის, ვისაც დღეს ბერძენიშვილი ვერ აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილია, რაც "მძიმე სანახავია".

"ძალიან ძნელია რესპუბლიკელების დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, ილია მეორეზე, ეკლესიაზე. თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის", — განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლოდროინდელი მძიმე განცხადებები და ქმედებები, უკრაინის შიდა პოლიტიკურ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად "არამეგობრული ნაბიჯი" და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში "უაპელაციო ჩარევის მცდელობა", რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას.