პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანულ სოფლის მეურნეობის სექტორში, ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ ფერმერებს, ფერმერთა ჯგუფებს, კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს და ორგანული სოფლის მეურნეობის სხვა წარმომადგენლებს.

ინიციატივა გამიზნულია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: "საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად".

"ჩვენ გვჯერა, რომ ძალების გაერთიანება უკეთეს შედეგს იძლევა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ გააერთიანა რესურსები პროექტ GRETA-ს სახით, მაღალმთიან რეგიონებში მცირე მეწარმეებისა და მცირე მასშტაბის გადამამუშავებელი საწარმოების მხარდასაჭერად. ამ რთულ დროს მსგავსი ტიპის მხარდაჭერის საჭიროება ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად ასებული ვითარებისა, პროექტი GRETA წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას და ხელს უწყობს მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და სხვა შესაძლებლობების შექმნას", — აღნიშნა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: "სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული სექტორია ავსტრია-საქართველოს თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარე კრიზისულ პერიოდში სოფლის მეურნეობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღესდღეობით, თანადაფინანსების შესაძლებლობების შექმნა, გამოცდილების გაზიარება, მცირე მეწარმეებისთვის და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, ეკონომიკური აღმშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებაა."

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტი/იდეა უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

  1. მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;
  2. უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
    პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით;
  3. ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და ზოგადად ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზე;
  4. ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;
  5. ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.

ქვეყანაში არსებული პანდემიური ვითარების გამო, COVID-19 ის გავრცელების პრევენციის მიზნით, განაცხადის პირველადი სააპლიკაციო (ინტერესის გამოხატვის) ფორმის მიღება ან მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ონლაინ.

სააპლიკაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე;
ან გააგზავნოთ მოთხოვნა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 25 მაისი 2020 წ. (16:00 თბილისის დროით).

განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე, სრულად შევსებული განაცხადის ფორმა, რომელიც მიღებული იქნება [email protected]

ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ

GRETA წარმოადგენს მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის ოთხწლიან პროექტს, რომლის მიზანია განავითაროს ხსენებულ სექტორებში მცირე და საშუალო საწარმოები. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს სათანადო ბიზნეს გარემოსა და შემოსავლების გენერირების შესაძლებლობათა განვითარებას. პროექტი მოიცავს საქართველოს სამ რეგიონს ზემო სვანეთს, რაჭასა და ზემო იმერეთს; მისი მთლიანი ღირებულება 6,8 მილიონი ევროა და იგი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროკავშირის ორი წევრი ქვეყნის — ავსტრიისა და შვედეთის მთავრობების მიერ. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.