ბოლო პერიოდში მხატვრულ სატელევიზიო შოუებთან ერთად ნეტფლიქსის პლატფორმაზე დოკუმენტური ფილმებისა თუ სერიალების მრავალფეროვანი არჩევანი შეინიშნება — თუნდაც Tiger King-ის წარმატება რად ღირს. მალე კი ამავე პლატფორმაზე ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც ვიხილავთ.

Becoming — ასე ერქმევა ფილმს, რომელიც მიშელ ობამას ამავე სახელწოდების მქონე ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის გამართული საჯარო შეხვედრების უნიკალურ კადრებს მოიცავს.

ყოფილმა პირველმა ლედიმ თავისი მემუარები 2018 წელს გამოაქვეყნა და პირველივე კვირაში მისი 1,4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, რითიც წლის ბესტსელერი წიგნი გახდა აშშ-ში. წიგნი ამჟამად 24 ენაზეა თარგმნილი.

სწორედ ამ წიგნის პრეზენტაციების ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ გადაღებული ფილმის ტრეილერი გაავრცელა ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა:

ფილმის ოფიციალურ აღწერაში ვკითხულობთ:

"ფილმში თავმოყრილია იშვიათი და ძალიან დეტალური კადრები მიშელ ობამას ცხოვრებიდან: მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა 34 ქალაქში გამართული ტურის კულისებში შეიხედოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს დაუკავშირდნენ და თავიანთი ისტორიები გულახდილად გაუზიარეს".

აღსანიშნავია, რომ ფილმის შექმნაზე ნეტფლიქსთან ერთად ბარაკ და მიშელ ობამას კინოკომპანია Higher Ground მუშაობდა, რომელმაც ასევე გასულ წელს გადაიღო ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმი American Factory.

Becoming-ის პრემიერა ნეტფლიქსზე 6 მაისს შედგება.