პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ანტიდასავლურად, ჰომოფობიურად და ქსენოფობიურად განწყობილ ფეისბუქგვერდს ალტ-ინფოს "გადაცემაში" ჩაერთო. "გადაცემის" წამყვანი ზურაბ მახარაძეა, რომელსაც არაერთი ჰომოფობიური ვიდეო აქვს ჩაწერილი.

პარლამენტის დეპუტატმა უსაფრთხოებისა და ნატოს საკითხებზე ისაუბრა. თავდაპირველად, სესიაშვილს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისზე ჰკითხეს, შემდეგ კი ნატოში გაწევრიანების შესახებ. კითხვა ასე ჟღერდა:

"ეს მითიური კარი, რომელიც თან ღიაა და თან ვერაფრით ვერ შევდივართ ათწლეულებია, უკვე ისეთ რაღაცად იქცა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში სკეპტიციზმსა და ნიჰილიზმს იწვევს. იმიტომ, რომ გვეუბნებიან კარი ღიაა, მაგრამ რეალურად ვერ შევდივართ. რას ნიშნავს ეს. მიუხედავად იმისა, რომ ვმონაწილეობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩვენს უსაფრთხოებაზე არ იღებენ პასუხისმგებლობას. 2008 წლის ომმა ძალიან პრაქტიკულად დაგვანახა, რომ ჩვენ გამო მესამე მსოფლიო ომს არავინ დაიწყებს და არც უნდა გვქონდეს ამის მოლოდინი. ქალბატონი მერკელის ვიზიტისას მანაც თქვა, რომ დიდი მოლოდინები არ უნდა გქონდეთ. ეგება დადგა დრო, ჩვენი ხელისუფლების პერსპექტივიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში სხვა ვერ დაგვიცავს და იქნებ ჩვენით ჩვენს დაცვაზე გადავიდეთ?"

თვითონ დეპუტატმაც აღნიშნა, რომ ნატოსთან დაკავშირებული კითხვები სკეპტიკური იყო და ნიჰილიზმი ალიანსის მიმართ რუსული პროპაგანდაა.

თითქმის ერთი კვირის წინ იმავე "გადაცემაში" კითხვებს ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლადო კახაძემ უპასუხა.

ალტ-ინფოს გვერდზე არაერთი ჰომოფობიური, ანტიდასავლური თუ ქსენოფობიური ვიდეოა განთავსებული.

ფოტო: სქრინი ვებგვერდიდან / ალტ-ინფო

ფოტო: სქრინი ვებგვერდიდან / ალტ-ინფო

მითების დეტექტორის მიხედვით, ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს მანიპულაციური ხასიათის სტატიებს, რაც ნიშნავს, რომ იგი მკითხველს ინფორმაციას შერჩევით, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე აწვდის.

ალტ-ინფოს გვერდზე იდება Alpha Dominant-ის ვიდეობლოგებიც, რომელთა ავტორი მიზოგინიით, სექსიზმით, ჰომოფობიით, ქსენოფობიითა და დისკრინაციით გამოირჩევა. ის ფეისბუქმა ამის გამო არაერთხელ დაბლოკა.