სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა გადაწყვიტა, ქალაქ ცხინვალს მეორე სახელწოდება "სტალინირი" მიანიჭოს.

ციხელაშვილის თქმით, არსებული ვითარება განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ.

"იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ე.წ. გადაწყვეტილება და სწორედაც რომ სიმბოლური, იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა, ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ", — აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ ცხინვალისთვის მეორე სახელწოდების მინიჭების მიზანი "ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებაა" და ეს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება.