დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 12 ათასამდე ტესტი აქვთ ჩატარებული,ანუ მოსახლეობის 0,6 პროცენტი, რაც საშუალო მაჩვენებელია. ამის შესახებ გამყრელიძემ ცენტრის ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა.

"გერმანიაში დღეს გამოკვლეულია 2,5 პროცენტი. ჩვენ ასული ვართ და პლუს თუ ამას დაამატებთ სწრაფ ტესტებს და ასეთი 8-9 ათასამდე, ავდივართ 0,6 პროცენტზე. ბევრი ქვეყანა PCR ტესტის გარდა სწრაფ ტესტსაც იყენებს, თუმცა შეფარდებაა 80/20-ზე, ანუ 80 პროცენტი PCR და დანარჩენი სწრაფი. ჩვენ ავდივართ 0,6 პროცენტზე, რაც ნიშნავს, რომ საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორიც ვართ ჩვენ განვითარებით", — აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მათი მიზანია, რომ დღეში 2-2,5 ათასი ტესტი გააკეთონ, რითაც გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებელს გაუტალოდებიან.

რაც შეეხება მასობრივ ტესტირებას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მასობრივი ტესტირება მხოლოდ C ჰეპატიტის შემთხვევაში ტარდება, დანარჩენი უკვე არის გაფართოებული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 496 დადასტურებული შემთხვევაა, ინფიცირებულებს შორის გამოჯანმრთელებულია 149 და გარდაცვლილია 6 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 833 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 571 ადამიანია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: