ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორის, სტივენ სონდჰაიმის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სპეციალური ონლაინ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ცნობილმა სახეებმა დისტანციურად, თავ-თავიანთი სახლებიდან მიიღეს.

მათ შორის იყვნენ ჰოლივუდის გამოჩენილი მსახიობები მერილ სტრიპი, კრისტინ ბარანსკი და ოდრა მაკდონალდი, რომელთაც საერთო მუსიკალური პერფორმანსი შემოგვთავაზეს.

ამ სამმა მსახიობმა 1970 წლის მიუზიკლიდან Company სონდჰაიმის ცნობილი კომპოზიცია The Ladies Who Lunch შეასრულეს.

სამი ოსკარის მქონე მერილ სტრიპის ხილვამ, რომელიც იზოლაციაში სააბაზანო ხალათშია გამოწყობული და მარტინის სვამს, არაერთი მაყურებელი გაახალისა.

"ამ საღამომდე არ ვიცოდი, თუ როგორ მჭირდებოდა მერილ სტრიპის ეს გიფი", — წერს კომიკოსი მიშელ კოლინსი.

"#კარანტინი2020", — ამ წარწერით აზიარებს სტრიპის ფოტოს ცნობილი პროდიუსერი ჯონ კოენი.

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი რამ ვნახეთ, თუმცა, როგორც ჩანს, სამყაროს იზოლაციაში მერილ სტრიპის განწყობა ნამდვილად აკლდა.

ფოტო: Giphy