თურქეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის იმედს კარგავს. ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში თურქეთის მინისტრმა, ვოლკან ბოზკირმა, BBC-სთან საუბარში განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის მიღების სანაცვლოდ ევროკავშირი თურქეთისგან ტერორიზმის ცნების დავიწროვებას ითხოვს, ბოზკირის თქმით, თურქეთში ანტიტერორისტული კანონების შეცვლა შეუძლებელია.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვან ფაზაშია შესული, თუმცა თურქეთმა ამ დროისთვის უკვე საკმარისი გააკეთა.

ბოზკირის განცხადებას წინ უძღოდა 6 მაისს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ ევროკავშირისადმი მიმართვალ, სადაც მან აღნიშნა, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სანაცვლოდ თურქეთი თავის ანტიტერორისტულ კანონებს არ შეცვლიდა:

"ჩვენ ჩვენი გზით წავალთ, თქვენ თქვენი გზით წადით".

ევროკავშირმა და ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა ანკარა თავისი გაფართოებული ანტიტერორისტული კანონმდებლობის ჟურნალისტების დაშინებისა და აზრის გამოხატვის შეზღუდვის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა. ანკარა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები მას სამხედრო დაჯგუფებებთან საბრძოლველად სჭირდება.

ევროკავშირის განმარტებით, იმისთვის, რომ თურქეთმა სავიზო ლიბერალიზაცია მიიღოს, მან ტერორიზმის განმარტება უნდა დაავიწროვოს. მაისის დასაწყისში ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მხრიდან წაყენებული პირობების უმრავლესობა თურქეთმა შეასრულა. თუმცა, ევროპარლამენტი ხმის მიცემაზე უარს მანამ ამბობს, სანამ თურქეთი მის მიერ შემუშავებულ ყველა კრიტერიუმს არ დააკმაყოფილებს, რომელთა შორის ანტიტერორისტული კანონების ცვლილებაც შედის.