აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიხედვით, კორონავირუსისგან თავდასაცავად ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას დამცავი ნიღბების ტარება წარმოადგენს.

ქირურგიული ნიღბები და რესპირატორი N95 დამცველობის საკმაოდ მაღალი დონით გამორჩევიან, თუმცა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, თანაც აღნიშნული ნიღბები, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს ესაჭიროება.

ასეთი დეფიციტის დროს ნიღბების სახლში დამზადება ხდება საჭირო. ახალი კვლევის მიხედვით, ბამბის, ნატურალური აბრეშუმისა ან შიფონის კომბინაცია, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდეს. რადგანაც კორონავირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორმა და მისმა კოლეგებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ რომელი მარტივად ხელმისაწვდომი ნაჭერი ფილტრავს წვეთებს ყველაზე კარგად.

American Chemical Society გამოქვეყნებული სტატიაში მკვლევრები ხსნიან, თუ როგორ მივიდნენ აღნიშნულ დასკვნამდე. აირების შემრევ კამერაში ნაწილაკების წარმოქმნის შემდეგ, მათ ვენტილატორების მეშვეობით ეს ნაწილაკები სხვადასხვა ნაჭრისკენ მიფანტეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ადამიანი იზამდა. შემდეგ კი ნაჭერში გავლამდე და გავლის შემდეგ ნაწილაკების მოცულობა გაზომეს.

როგორც აღმოჩნდა, ბამბის ერთი ფენისა და შიფონის ორი ფენა ერთად ნაწილაკების 80-99 პროცენტს ფილტრავს. მსგავსი შედეგი შიფონისა და ნატურალური აბრეშუმის შერევითაც მიიღეს.

ეს შედეგები N95 რესპირატორის ეფექტიანობასთან საკმაოდ ახლოსაა, თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ნიღბის სწორად გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა რღვეულმაც კი, შესაძლოა, ნიღბის ეფექტიანობა გაანახევროს.