კორონავირუსის გადაცემის პირდაპირი გზების გარდა, ვირუსის გავრცელება ზედაპირების და ჰაერის მეშვეობითაც შესაძლებელია. ანუ რესპირატორული გზით გამოტყორცნილი პათოგენი გარკვეული დროის მანძილზე სხეულის გარეთ ცირკულირებს.

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ მკვლევრებმა კორონავირუსი ჰაერის დამაბინძურებულ ნაწილაკებში იპოვეს, თუმცა გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რამდენად პოტენტურია ვირუსი დამაბინძურებელ ნაწილაკებში. ანუ, რამდენად ინარჩუნებს ის ვირულენტობას და საკმარისი დოზებითაა გაჯერებული თუ არა.

კვლევა ბერგამოს პროვინციაში ჩატარდა, შედეგები კი დამოუკიდებელ ლაბორატორიაშიც დადასტურდა.

ბოლონიის უნივერსიტეტის მკლევარი, ლეონარდო სეტი, რომელიც სტატიის ერთ-ერთი თანაავტორია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ შესაძლოა თუ არა დამბინძურებელმა ნაწილაკებმა ვირუსი უფრო დიდ მანძილებზე გაავრცელონ და წარმოადგენს თუ არა ეს ინფიცირების რისკს.

"მე მეცნიერი ვარ და მაწუხებს ის, რაც არ ვიცი", — ამბობს სეტი."თუ რამე პრობლემის შესახებ ვიცით, მისი გადაჭრა უფრო მარტივია. თუ არა, მაშინ ჩვენი უმეცრება გვავნებს".

სხვა კვლევითმა ჯგუფებმაც ივარაუდეს, რომ შესაძლოა დაბინძურება კორონავირუსის შორ მანძილებზე გავრცელებას ხელს უწყობს.

სეტის გუნდის მომზადებული სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლოა ინფექციის უფრო მაღალი მაჩვენებლები ჩრდილოეთ იტალიის გარკვეულ ადგილებში, სწორედ დაბინძურებით იყო განპირობებული. ჰიპოთეზა, რომელსაც სხვა მიგნებებიც თითქოს ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ არცერთი აღნიშნული კვლევა დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ შემოწმებული არ არის, ანუ კვლევას სტანდარტული აკადემიური პროცედურა ჯერ არ გაუვლია. თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ წამოჭრილი ჰიპოთეზა ალბათურია და დამატებით კვლევას საჭიროებს.

შედარებით ადრეულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ დამაბინძურებელმა ნაწილაკებმა სავარაუდოდ ჩიტის გრიპის და წითელას გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

აღნიშნული ჰიპოთეზა კორონავირუსის ტრანსმისიის შესახებ არსებულ უფრო ზოგად კითხვებთანაა დაკავშირებული არსებული ინფორმაციით, რესპირატორული წვეთები (ხველებისას ან დაცემინებისას გამოთავისუფლებული სითხის ნაწილაკები) ძირითადად 2 მეტრის დისტანციას გადიან და მიწაზე ეცემიან.

თუმცა 5 მიკრონის დიამეტრის პატარა წვეთები ჰაერში შესაძლოა საათების მანძილზე გაჩერდეს და ვირუსი ბევრად შორ დისტანციაზე გადაიტანოს. რამდენად ინფექციურია ასეთი წვეთები, ამ დროისთვის დანამდვილებით არ ვიცით.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი კვლევები კორონავირუსის ტრანსმისიის უცნობ ასპექტებს ნათელს მოჰფენს.