ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება ქვეყანა, რომელიც ტურისტულ ინფრასტრუქტურას "სხვაზე ადრე აღადგენს". ამის შესახებ მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სხვა ბიზნესებთან შედარებით, ტურიზმი ყველაზე მტკივნეული თემაა და ხშირ შემთხვევაში სხვა დარგების ლოკომიტივიცაა.

"მე მოვერიდები პროგნოზის გაკეთებას, რადგან შიდა ტურიზმი, ალბათ, უფრო სწრაფად ამოქმედდება. ამ წლის ბოლომდე ველოდებით, რომ თუ ყველანი დისციპლინირებულად მოვიქცევით გვექნება შესაძლებლობა, რომ წავახალისოთ ჩვენი ტურიზმი. დანარჩენი კი, რა თქმა უნდა, არის მსოფლიოში მიმდინარე ვითარებაზე დამოკიდებული", — აღნიშნა მინისტრმა.

დღეს, 27 აპრილს ეკონომიკის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყო. დასაშვები გახდა ნებისმიერი სახის ონლაინვაჭრობა, ტაქსების ოპერირება და აგრარული ღია ტიპის ბაზრების ამოქმედება.

ამასთან, შესაძლებელი გახდა მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება. შეზღუდვების მოხსნა არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ამავე თემაზე: