დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევს, რომ კორონავირუსზე ტესტირება რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჩაუტარდეს. ამის შესახებ ლევან გოფოძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "რაც უფრო მეტის კონტროლის საშუალება გვექნება, მით უფრო ავიცილებთ თავიდან დაავადების შიდა გავრცელებას".

ჟურნალისტების კითხვას, მიიჩნევს თუ არა საკმარისად ამჟამად არსებულ კონტროლს, გოფოძე ასე პასუხობს:

"ახლა რომ არ არის სრულიად საკმარისი [კონტროლი] ეს იქიდანაც ჩანს, რომ არის საუბარი იმაზე, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს ეს, ანუ თვითონ ჩვენი ინფექციის კონტროლის სამსახურიც თვლის, რომ უფრო მეტი კვლევა არის საჭირო. ჩემი შეფასება ამ საკითხში მაინცდამაინც დიდი კომპეტენტური არ იქნება, იმიტომ, რომ მე მთლიან ეპიდსიტუაციას ქვეყანაში ისე დეტალურად არ ვიცნობ. ამას უფრო დეტალურად იცნობს, ფლობს და არეგულირებს ჩვენი NCDC. ასე რომ უნდა დავუჯეროთ მათ, რასაც გვირჩევენ, ისე გავაკეთოთ. პირადად ჩემი აზრი კი ასეთია, რომ რაც უფრო მეტად შევძლებთ საზოგადოების ამა თუ იმ ფენის კონტროლს, ვთქვათ, კლასტერებს დავარქმევთ თუ ჯგუფებს, მით უფრო შევაჩერებთ შიდა გავრცელებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.

მან სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა და თქვა, რომ ეს სიტუაციის კონტროლს ძალიან დიდ სამსახურს უწევს. ლევან გოფოძე აღნიშნავს, რომ სწრაფი ტესტების დროს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი შედარებით დაბალი სანდოობა და მოჰყავს მაგალითი, როცა სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და პირიქით.

"მაგრამ სწრაფი ტესტები იძლევა იმის საშუალებასაც, რომ ჩვენ ის ხალხიც აღმოვაჩინოთ, ვინც უსიმპტომოდ გადაიტანა დაავადება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — ამბობს ის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 496 ადამიანი, მათგან 149 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 932 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 568.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: