პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში შეზღუდვები შესაძლოა, თავიდან ამოქმედდეს. ამის შესახებ მან ბრიფინგის დროს ისაუბრა.

"გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა, ხაზგასმით ითქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ჩვენ შესაძლებელია მოგვიწიოს, როგორც ამ გეგმის დაჩქარებით მიღება, ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც Covid 19-თან ბრძოლაში გამარჯვება.

დღეიდან, 27 აპრილიდან მსუბუქი მანქანებით გადაადგილება და ტაქსების ოპერირებაა შესაძლებელი. აგრეთვე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა და ამოქმედდება აგრარული ბაზრები.

შეზღუდვების ეს არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო ზომებია დაწესებული. გარდა ამისა, ყველა სხვა შეზღუდვა, განაგრძობს მოქმედებას და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.