ცნობილმა ტელეწამყვანმა ენდი კოენმა, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა, აშშ-ის ჯანდაცვის სააგენტო გააკრიტიკა, რადგან გეი და ბისექსუალ კაცებს სისხლისა და პლაზმის დონორობისთვის სამი თვით ლოდინი უწევთ.

ენდი კოენმა თავის გადაცემა Watch What Happens Live-ში თავის გამოცდილებაზე ისაუბრა: კორონავირუსის ინფექციისგან განკურნებულების სისხლს სპეციალური პროგრამის ფარგლებში მკვლევრები იბარებენ, რათა პლაზმაში წარმოქმნილი ანტისხეულების დახმარებით ვაქცინის შექმნაზე მუშაობა გაუმარტივდეთ. კოენსაც სურდა თავისი სისხლის გაღება, თუმცა სახელმწიფო შეზღუდვების გამო, როგორც ჰომოსექსუალ კაცს, ეს უფლება შეზღუდული აქვს.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ტომ ჰენკსმა ამ მიზნით თავისი სისხლი უკვე უპრობლემოდ გასცა.

"ვირუსი ჩვენს პლანეტას ანადგურებს. სახელმწიფო გვეუბნება, რომ გამოჯანმრთელებულების პლაზმა სჭირდება. ყველა ჩაბარებულ სისხლს სხვა დაავადებების მსგავსად HIV-ზეც ამოწმებენ და დონორების შემოწმებაც სწრაფი ტესტით 20 წუთში შეიძლება. ამის მიუხედავად კი, მაინც 3 თვით მოცდა გვიწევს. როცა ამდენი ადამიანია ავად და კვდება, რატომ ეუბნებით უარს ჩემი თემის წევრებს დახმარებაზე? ალბათ, იმიტომ, რომ სტიგმის უფრო გვჯერა, ვიდრე მეცნიერების", — განაცხადა ტელეწამყვანმა.

აღსანიშნავია, რომ ადრე აშშ-ში კაცებს, რომლებსაც სექსი ჰქონდათ კაცთან, ბოლო აქტიდან 12 თვის შემდეგ შეეძლოთ მხოლოდ სისხლის ჩაბარება. ეს პერიოდი ჯანდაცვის სააგენტომ ამ წლის 2 აპრილს სამ თვემდე შეამცირა.

არასამთავრობო ორგანიზაცია GLAAD-მა შექმნა პეტიცია, რომელითაც ამ შეზღუდვის მთლიანად გაუქმებას ითხოვენ, რადგან მას დისკრიმინაციულად მიიჩნევენ. პეტიციას უკვე 25 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში: როგორც ვიცით, სისხლის დონაციისთვის ჰომოსექსუალური კავშირის შემდეგ ათწლიანი შეზღუდვა იყო, რაც გასულ თვეში შეიცვალა და ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით ეს პერიოდი 12 თვემდე შემცირდა.