კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს პირველი საჯარო გამოსვლა ჰქონდა. დაუნინგ სტრიტის ათ ნომერში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ახლა მაქსიმალური რისკის მომენტშია და შეზღუდვების მოხსნა ნაადრევია.

ვირუსის გავრცელების პირველ სტადიაზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ რამდენად სერიოზულად მიიღო მან ახალი ვირუსი, იყვნენ თუ არა მედიკოსები სათანადოდ აღჭურვილები და ტარდებოდა თუ არა საჭირო რაოდენობის ტესტები. ბორის ჯონსმა საჯარო მიმართვის დროს განაცხადა, რომ მიღებული ზომებით სამედიცინო სექტორის გადატვირთულობა თავიდან აიცილეს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ კარანტინის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში, კორონავირუსის მეორე აფეთქების რისკი არსებობს:

"მე უარს ვამბობ, გადავდო ბრიტანელი ხალხის ძალისხმევა და ყველა მსხვერპლი და მეორე დიდი ეპიდემიური აფეთქება გავრისკო".

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს, დომინიკ რააბას, რომელიც მისი ავადმყოფობის დროს მის მოვალეობებს ითავსებდა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მაგიდიდან იმაზე უფრო დიდხანს ვიყავი მოშორებული, ვიდრე ამის სურვილი მქონდა".

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბიზნესის გახსნაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას ესმის თუ რამხელა ზარალი მიადგა ეკონომიკას, თუმცა ახლა მთავარი მიზანია — შენარჩუნდეს საყოველთაო იზოლაციის შედეგები და თავიდან იქნას აცილებული გავრცელების რისკები:

"შეაკავეთ თქვენი მოუთმენლობა", — მიმართა პრემიერმა ბიზნესის მფლობელებს.

ჯონსონი გამოკვლევებისთვის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს და კლინიკა 12 აპრილს დატოვა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იყო. ადმინისტრაციის ცნობით, ამ დრომდე მკურნალობას ჯონსონი რეზიდენციაში აგრძელებდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: