გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მედიკოსებთან კომუნიკაციით, დეტალური გაიდლაინები შეიმუშავა, რომლებიც ჰიგიენურ-სანიტარული სტანდარტების დაცვასა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირებას უზრუნველყოფენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს პირობები თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა უნდა დააკმაყოფილოს, იქნება ეს საცალო თუ საბითუმო, თუმცა არსებული 80 ბაზრიდან უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს.

"ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა. ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელიც გაწერილია გაიდლაინებში. ეს ეხება როგორც მიკვლევადობას მოვაჭრე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე პროდუქციის შესვლის და გასვლის სანიტარულ ზედამხედველობას, სადეზინფექციო სამუშაოების სწორად ჩატარებას, თერმოსკრინინგს, პირბადეების აუცილებლად ტარებას და სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გაწერილია საგანგებო მდგომარეობის პირობებში", — თქვა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში აგრარული ბაზრის საკითხი სახელმწიფოს ჩარევით დარეგულირდა, მოხდა მყიდველებისა და გამყიდველების დაკავშირება და უკვე მოეწყო სპეციალური საბითუმო აგრარული ბაზარი მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

დღეიდან, 27 აპრილიდან მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და ეს შეეხო ღია აგრარულ ბაზრებსაც. წაიკითხეთ ვრცლად: როგორ გაიხსნება ეკონომიკური საქმიანობები საქართველოში — მთავრობის გეგმა