ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ხვალ, 28 აპრილს, ჯივიპი ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების ბოლო ეტაპს განახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 10 კილომეტრი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების სისტემა. ახალ ქსელზე მოეწყო ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.

ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

"კომპანია ხვალ, 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან, ჭავჭავაძის გამზირზე საბოლოო, რთულ, გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში იმუშავებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია, ჭავჭავაძის გამზირზე, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 28 აპრილს, დღის 12:00 საათიდან 29 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, რამიშვილის, მოსაშვილის ქუჩების ნაწილს, თამარაშვლის გამზირის ნაწილს, ყიფშიძის, აბულაძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ჯივიპი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის", — აცხადებენ კომპანიაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით — www.gwp.ge.