საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსი, შორენა ღლონტი, უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორი, თეონა ბაკურიძე დარღვევებით გაათავისუფლეს/გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე. კერძოდ, ომბუდმსენმა დაადგინა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით მოხდა.

სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს: ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და აღუდგინოს შრომითი უფლებები.

ომბუდმსმენიც ცნობით, ახალი ამბების ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება დადგენილი ვადის დარღვევით წარიმართა, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან.

"ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა. გარდა ამისა, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის - გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა", — წერს ომბუდსმენი.

რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ იგი სხვა, არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს.