ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უარყოფს, რომ ასევე, ყოფილ შს მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირება ჰქონდა. მერაბიშვილის თქმით, მისი მხრიდან დაპირისპირება არ ყოფილა, თუმცა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ახალაიას მასთან პრობლემები, მერაბიშვილი პასუხობს: "საუბრისას არ შემიმჩნევია".

"არავითარი დაპირისპირება ჩემი მხრიდან ბაჩო ახალიას მიმართ არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის დაპირისპირება არ ყოფილა არც დანიშვნამდე და არც დანიშვნის შემდეგ", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

წლების განმავლობაში არსებობდა მოსაზრება ხელისუფლებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფის შესახებ — ახალაიები და მერაბიშვილი.

ორივე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მერაბიშვილი და ახალაიაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არაერთ საქმეზე იყო ბრალდებული და მსჯავრდებულიც.