ყოფილი პრემიერ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისის აქციაზე სპეცრაზმის მხრიდან გამოჩენილი სისასტიკე და დაკავებულები ადამიანების ხელკეტებით ცემა პირადად მისი ბრალია. მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ სპეცრაზმელები კარგად არ იყვნენ გაწვრთნილი და თავის გაკონტროლება ვერ შეძლეს.

"ვერ შევძელი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია.

მე თავს არ ვიმართლებ. ეს სპეცრაზმელები ერთი და სამი კვირის წინ მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე და სამ ან ოთხ თვეში ერთხელ იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე სპეცრაზმელები ყოფილიყვნენ, თუ მიტინგი ჩატარდებოდა, მომხდარიყო მათი ლოკალიზაცია და ცალკე ისინი, ვინც იქნებოდნენ ფრონტის წინა ხაზზე.

სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა და ამას სჭირდება სპეციალური გაწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები", — განაცხადა მან მთავარი არხის ეთერში.

26 მაისის აქციის საქმე

2011 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია დაარბია. აქციის დაშლის დროს დაიღუპა ორი ადამიანი.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს. უწყების განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინა ღამეს, სანქცირებული მიტინგის ვადის ამოწურვამდე გადაკეტა ქუჩები, რომლითაც მომიტინგეებს დაშლისას ტერიტორიის დატოვება შეეძლოთ.

26 მაისის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დარბევის საქმეზე დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება აიღო.