როგორც იცით, ჯერ კიდევ 2018 წელს საქართველოს ბანკმა მუშაობის თანამედროვე და ამბიციური მეთოდი — ეჯაილი დანერგა და ამ გამოცდილებით ისეთ დიდ კომპანიებს შეუერთდა, როგორიცაა Google, Spotify, Netflix... ეჯაილ ტრანსფორმაცია თანამშრომლების უფრო თავისუფლად მუშაობას გულისხმობს, როცა გუნდის ნებისმიერი რგოლი თანაბრად მნიშვნელოვანია, ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას, სამუშაო პროცესში კი მთავარი ღირებულება ინდივიდი და მისი შემოქმედებითობაა.

მას შემდეგ, რაც პანდემიის პირობებში გუნდები, ისევე როგორც მთელი ბანკი, სრულად გადაეწყო ონლაინ მუშაობის რეჟიმზე, საინტერესოა, რამდენად შეძლეს ეჯაილ გუნდებმა პროცესისთვის ფეხის აწყობა.

როგორც საქართველოს ბანკში გვითხრეს, სტაფი აქტიურად იყენებს თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდებს — Zoom, Slack, Workplace... შეხვედრები ყოველდღე ტარდება ონლაინ რეჟიმში, რომ გუნდის წევრებმა საკუთარი პროგრესი ერთმანეთს გაუზიარონ, ისაუბრონ პრობლემებზე და ერთად მოიფიქრონ გადაწყვეტის გზები.

დისტანციური კომუნიკაცია იდეებისა და ინიციატივების არსებობასა და მათ გაჟღერებასაც არ უშლის ხელს, ამ პროცესში გეგმავენ ეჯაილ გუნდის წევრები მომავალ პრიორიტეტებს.

ეჯაილ გუნდისთვის დისტანციური მუშაობის ნაწილი ეფექტური აღმოჩნდა. კომუნიკაცია უფრო მარტივი და სწრაფი გახდა. შეხვედრის ნაცვლად ახლა საკითხებს უბრალოდ იმეილით გადიან და უკეთესად იყენებენ ონლაინ კომუნიკაციის სისტემას.

განტვირთვა

ფოტო: Ka Lee

ონლაინ მუშაობის პროცესს ისიც ახალისებს, რომ თანამშრომლები ერთმანეთზე ზრუნავენ და ცდილობენ, საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ როგორც სამუშაო, ისე თავისუფალი საათები. შექმნეს კლუბები, რომლებიც სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანებს კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან. მათ შორის:

  • ფილმის კლუბი;
  • წიგნის კლუბი;
  • კულინარიული კლუბი;
  • იოგა და ა.შ.

"ეს ქმნის ერთიანობისა და გუნდურობის შეგრძნებას, გვიმაღლებს განწყობას და გვაძლევს ხალისს", — აცხადებენ ბანკში.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ დისტანციურად ჩაერთონ ვორქშოფებში, ტრენინგებში და ისარგებლონ ონლაინ ბიბლიოთეკით უფასოდ.

რას ამბობენ გუნდის წევრები

ჩვენ უშუალოდ იმ ადამიანებს ვესაუბრეთ, რომლებიც საქართველოს ბანკში ეჯაილის სისტემას წარმოადგენენ. მათი პასუხები კიდევ უფრო გაგიმარტივებთ იმის გაგებას, რატომაა ეჯაილის სამუშაო პროცესი ასეთი წარმატებული, თუნდაც დისტანციურად მუშაობის პირობებშიც.

რას მოიცავდა ეჯაილ გუნდის ყოველდღიური საქმიანობა მანამდე, სანამ ტრანსფორმაციას განიცდიდით და დისტანციურ მუშაობაზე გადახვიდოდით? და რა შეიცვალა ამ ტრანსფორმაციის შემდეგ? შეძელით შეგენარჩუნებინათ ყოველდღიური საქმიანობა და სრულყოფილად გადმოგეტანათ ის ციფრულ პლატფორმებზე?

გუნდის ყოველდღიური საქმიანობა დინამიურად მიმდინარეობს. დილა ხშირ შემთხვევაში ე.წ. Stand Up შეხვედრით იწყება, სადაც გუნდის ყველა წევრი ერთმანეთთან სინქრონიზდება შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოზე დღის ჭრილში. ერთმანეთს ვუზიარებთ დაბრკოლებებს და ვთანხმდებით, რას მოვიმოქმედებთ. გუნდს დღის დრაივს ეს შეხვედრა აძლევს. დისტანციურ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ტიპის შეხვედრების შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, რისთვისაც ახალი tool-ები და პრაქტიკები დავიხმარეთ ვიდეო ზარების კოლაბორაციის პლატფორმების სახით. ამ შეხვედრის გარდა, გუნდები დღეში რამდენჯერმე სინქრონიზდებიან, რათა ეს დრაივი არ დაიკარგოს და ყველამ თანაბრად ჩართულად იგრძნოს თავი.

რა წინააღმდეგობები შეხვდა გუნდს ამ ტრანსფორმაციის დროს, იყო რამე ტექნიკური ან სხვა სახის ბარიერი?

მთავარი გამოწვევა იყო შეგვენარჩუნებინა კომუნიკაცია და გუნდებს გაეგრძელებინათ წარმატებული კოლაბორაცია. ამისთვის დაგვჭირდა ახალი tool-ების მოძიება, დატესტვა და ჩვენს საქმიანობაში ინტეგრაცია. დისტანციური მუშაობის ტრანსფორმაციის პერიოდში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ტექნიკური ხარვეზები, ტექნიკურად მზად ვიყავით იმისთვის, რომ სწრაფად მოგვეხდინა ჩვენი ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაცია ახალ გარემოზე. IT მხარდაჭერის გუნდსაც ჰქონდა სხვადასხვა tool-ებით დიდ მასშტაბებზე ოპერირების შესაძლებლობა. ახლა სახლიდან მუშაობს დაახლოებით 2 200-2 300 ადამიანი და ყველა მათგანისთვის ლეპტოპებს ეს ფუნქციები მოვარგეთ, მათ შორის 1 300 სრულიად ახალი ლეპტოპი გაიმართა.

ფოტო: Michael McMahon

ახალი იდეების გენერირებას, სტრატეგიების შემუშავებას, ხშირად პირისპირ დისკუსია და ე.წ. ბრეინშტორმინგი სჭირდება. რამდენად კარგად ახერხებს გუნდი ციფრული არხებით შეინარჩუნოს ეფექტურობა ამ კუთხით?

გარკვეული დრო დაგვჭირდა დისტანციურად გადასვლის შემდეგ იმისთვის, რომ ვიზუალური და დისტანციური ფასილიტაციის ტექნიკები აგვეთვისებინა. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდები წარმატებით ახერხებენ ეფექტური შეხვედრებისა და პროდუქტის განვითარების პროცესების წარმართვას.

შეიცვალა თუ არა თანამშრომლების პროდუქტიულობა? ასევე, გაიზარდა თუ არა თანამშრომლებში სტრესის დონე და როგორ ცდილობთ მათი მოტივაციის ამაღლებას?

ყველა შემთხვევაში შევინარჩუნეთ პროდუქტიულობა და ზოგიერთ შემთხვევაში გავაუმჯობესეთ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სტრესული გარემოა, თანამშრომლები თავად ვზრუნავთ ერთობლივად იმაზე, რომ საინტერესოდ და სასიამოვნოდ გავატაროთ თუნდაც არასამუშაო საათები: ძალიან აქტუალური გახდა სხვადასხვა ინიციატივები, კლუბები. ეს გვიქმნის ერთიანობისა და გუნდურობის შეგრძნებას, გვიმაღლებს განწყობას და გვაძლევს ხალისს.

დეტალურად მოგვიყევით არასამუშაო დროის ინიციატივების შესახებ. რატომ გაჩნდა აღნიშნული იდეა?

დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, ცხადია ე.წ. work-life ბალანსის დაცვა გართულდა, რადგან ძნელი გახდა ზღვარის გავლება სამუშაო და პირად სივრცეს, სამუშაო და პირად დროს შორის. თანამშრომლები გაცილებით მეტ დროს ვატარებთ ერთად ვირტუალურად და ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი ინიციატივებით ისეთი აქტივობები (ფიზიკურიც) შეგვეთავაზებინა, რაც განტვირთვის შესაძლებლობას მოგვცემდა.

აღმოაჩინეთ თუ არა რამე ისეთი დისტანციური მუშაობის პროცესში, რომელსაც პანდემიის დასრულების შემდეგაც დატოვებდით?

აღმოვაჩინეთ დისტანციური მუშაობის ბევრი სასარგებლო მხარე და ის, რომ სრულიად შესაძლებელია ოფისში დაბრუნების შემდეგაც თანამშრომლებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა აიღონ გარკვეული დღეები დისტანციურად სამუშაოდ. აღმოვაჩინეთ ბევრი საინტერესო ფუნქცია და ტექნიკა, რომლებსაც აქტიურად გამოვიყენებთ.

სტრატეგიული გეგმები

ფოტო: Galina

ბანკის ეჯაილ გუნდი დისტანციურ რეჟიმში მნიშვნელოვან და სტრატეგიულ შეხვედრებს კვლავ აწარმოებს, მათ შორისაა კვარტალური დაგეგმვის შეხვედრა.

უახლოეს მომავალში ჩატარდება QBR marketplace, სადაც ეჯაილის გუნდები განიხილავენ, რა არის მთავარი დეტალი, რაც საქმის კარგად შესრულებას უზრუნველყოფს, რა აუმჯობესებს კლიენტების ურთიერთობას და უზრუნველყოფს ზრდას.

ამ შეხვედრის ძირითადი კითხვებია: რისი მიღწევა გვინდა და როგორ მივაღწიოთ მას მარტივად, სწრაფად და ხარისხიანად? მთავარი მიზანი კი აუცილებლად მიღწევადი და გაზომვადი უნდა იყოს.