კორონავირუსის პანდემიის დასასრული ჯერჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა ამერიკის ზოგიერთ შტატში აკრძალვების მოხსნა უკვე იწყება. მაგალითად ჯორჯიაში ესთეტიკის სალონები და სავარჯიშო დარბაზები 24 აპრილს გაიხსნა, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, იმასვე აპირებს მიჩიგანის შტატიც.

ფლორიდაში სანაპიროები პირველი მაისიდან იხსნება. შეზღუდვების მოხსნა განსაკუთრებით მედიკოსებს აშფოთებს. ადგილობრივმა იურისტმა, დენიელ ალფელდერმა პროტესტი ორიგინალურად გამოხატა:

"პირველ მაისს ფლორიდაში სანაპიროები იხსნება. ცელიანი სიკვდილის ფორმაში გამოწყობილი მოვივლი თითოეულ მათგანს და ასე შევახსენებ მოქალაქეებს სახლში დარჩენის აუცილებლობას".

ფლორიდის შტატში კორონავირუსის 30 839 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 1 055 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი უცნობია.