დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს საქართველოში ჩატარებულია 12 000-ზე მეტი PCR ტესტი ანუ ოქროს სტანდარტი; ასევე, 5-6 ათასი სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე. მანვე აღნიშნა, რომ ჩატარებულია ანტიგენზე დამყარებული ტესტებიც, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი.

იმნაძემ ანტისხეულების სწრაფი ტესტების მგრძნობელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხშირად როცა ეს ტესტი აჩვენებს მწვავე ინფექციას, PCR ტესტი შედეგს არ ადასტურებს.

"ანტიგენზე სწრაფი მეთოდია, მაგრამ მაინც ინსტრუმენტალური მეთოდია. მისი მგრძნობელობა საკმაოდ კარგია, PCR-ივით არ არის, მაგრამ არ არის ცუდი. რაც შეეხება ანტისხეულების სწრაფ ტესტს, ბოლო დროს ხარისხი გაუმჯობესდა ამ ტესტებით, თუმცა მათი მგრძნობელობა და სპეციფიურობა არ არის მაღალი და ამას მოწმობს ის, რომ ხდება ხშირად გადამოწმება", — განაცხადა მან.

იმნაძემ აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანაში ახლა არის 12 000 PCR ტესტი და ორშაბათს ან სამშაბათს ელოდებიან მარაგების შევსებას.

"იმედი გვაქვს, რომ გავზრდით ტესტირების რაოდენობას ეპიდემიოლოგიური სიტუაციისდა მიხედვით და გაიზრდება მაისში, ალბათ, შუა რიცხვებისათვის 1 500-დან 2 000-მდე", — განაცხადა მან.

რაც შეეხება მასობრივი ტესტირების აუცილებლობაზე დასმულ კითხვებს, იმნაძემ განაცხადა, რომ სტატისტიკით მათ საბოდიშოდ საქმე არ აქვთ და ეს გამოწვეულია მათი სტრატეგიით. მისივე თქმით, მასობრივი ტესტირების საკითხს, ამ თემაზე მომუშავე ჯგუფი გადაწყვეტს.

დღეს, 26 აპრილს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 29 პირს დაუდგინდა და ინფიცირების შემთხვევები 485-მდე გაიზარდა. გუშინ ინფიცირების 456 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მონაცემები Stopcov.ge-ზე ახლახანს განახლდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 488 ადამიანი, მათგან 136 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 522.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: