ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საავადმყოფოებს ამ დროისთვის 600 საწოლის რესურსი აქვთ. მისი თქმით, ამ რაოდენობის პაციენტების მკურნალობას ჯანდაცვის სისტემა ხარისხის დაგდების გარეშე შეძლებს. ცერცვაძემ ამ საკითხზე ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ კიდევ ერთ ამდენს გავუძლებთ უპრობლემოდ, ეს ნიშნავს, რომ არ დავწევთ სამედიცინო მომსახურების ხარისხს. დღეს კოვიდიანი ავადმყოფი ინდივიდუალური მოვლის ქვეშაა, 24 საათის განმავლობაში მას თავს ევლებიან [...] 600 საწოლამდე ჩვენ შევძლებთ ასეთი მოდელით მუშაობას, 600 საწოლზე ზემოთ უკვე ეს რესურსი არ იქნება საკმარისი", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის განცხადებით, თუ ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა საავადმყოფოებში 600-ს გადააჭარბებს მაშინ, შეიძლება, ევროპისა და ამერიკის მოდელზე გადავიდნენ. ცერცვაძის განცხადებით, ასეთ შემთხვევაში პაციენტებს ინდივიდუალური კონტროლის ქვეშ ვერ აიყვანენ და უფრო ფართო მართვა მოხდება.

თენგიზ ცერცვაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სამინისტროში არის გეგმა B და C, რომ საქართველო უპრობლემოდ შეძლებს 2 000 საწოლის მობილიზებას, კრიტიკულ შემთხვევაში კი 10 ათასის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 456 ადამიანი, მათ შორის 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 206 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 571.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: