ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პანდემიის დროს, ოპონენტებისგან ექიმებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების კრიტიკა მოროდიორობაა. ამ თემაზე მან Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

კობახიძე წერს, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა: 1 000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით; 1 000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით.

"საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2 000-მდე ადამიანის, ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე. ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება. ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს", — წერს ირაკლი კობახიძე.

დეპუტატის აზრით, საქართველოს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში COVID-19-ით უკვე 1 500-2 000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. მისი თქმით, დღეს საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.

დღეს, 25 აპრილს, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია. ეზუგბაიას განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და მაჩვენებელი ასეთი არ იქნება. ამ განცხადებას ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 456 ადამიანი, მათ შორის 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 206 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 571.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: