ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით საქართველოს მთელ მოსახლეობას, ან თუნდაც ნახევარ გამოვიკვლევთ. ამ თემაზე თენგიზ ცერცვაძემ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა უკეთესია; მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ე.წ. აგრესიული ტესტირება ტარდება და ამ მხრივ მოწინავეა გერმანია ევროპაში, სამხრეთ კორეა — აზიაში და კიდევ ზოგიერთი ქვეყანა, გამოკვლეული არის მაინც მოსახლეობის მცირე ნაწილი. იმ ქვეყნებში სადაც აგრესიული ტესტირება ტარდება და ჩატარდა, მოსახლეობის 8-10%-ია სულ გამოკვლეული, 90% მაინც გამოუკვლეველი რჩება", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში გამოუვლენელი შემთხვევები მაინც დარჩება. მან თქვა, რომ საქართველოში 5 წელია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს და მიუხედავად მცდელობისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტის შემოწმება ჯერ ისევ ვერ მოხერხდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 456 ადამიანი, მათ შორის 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში 5 206 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 571.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: