ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვს, რომ კორონავირუსის სტატისტიკის გაყალბება შეწყდეს და მოსახლეობამ რეალური ინფორმაცია მიიღოს. ამ თემაზე მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

"მაშინ, როცა ეკონომიკა გაჩერებულია და ხელისუფლება დაბალი რიცხვებით იწონებს თავს, აღმოჩნდა, რომ ეს მონაცემები ივანიშვილის მთავრობის მორიგ "აფიორას" ეფუძნება. კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან, შეწყდეს სტატისტიკის გაყალბება, ჩატარდეს ფართომასშტაბიანი ტესტირება და მოსახლეობამ მიიღოს რეალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ", — წერს ვანო მერაბიშვილი.

ამ ფორმით მერაბიშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას გამოეხმაურა. მერაბიშვილი წერს, რომ ეზუგბაიას "წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ ქართული ოცნება მალავს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას". მერაბიშვილი წერს, რომ წლების მანძილზე, ქართული ოცნება ანალოგიურად აყალბებდა დანაშაულის რეალურ სტატისტიკას, ინფლაციის მაჩვენებლებს, უმუშევართა რაოდენობას და სხვა მონაცემებს.

მარინა ეზუგბაიამ დღეს თქვა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია. ეზუგბაიას განცხადებით, იმედოვნებენ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება.