პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით ერთი დარგი და თემაც კი არ დარჩა პასუხის გარეშე. დეპუტატის თქმით, გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზსა და სიტუაციის შეფასებაზე. ამ თემაზე დეპუტატის კომენტარს მთავარი არხი ავრცელებს.

"ამის დეტალური განხილვა მოხდა, დავამატებ მხოლოდ ერთს, დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე. რასაკვირველია ჩვენ არ უნდა ველოდოთ ეკონომიკურ ბუმს და ეს გეგმა ჩამოყალიბებულია იმდენად, რამდენადაც პანდემიამ განაპირობა კრიზისი", — თქვა გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო მცირე რესურსების ქვეყანაა და ამ რესურსებით უნდა შეძლოს პანდემიასთან გამკლავება.

ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას — ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.

პირველი ეტაპი

პირველ ეტაპში გაერთიანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება, 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის და ა.შ.

მეორე ეტაპი

რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე. პრემიერის თქმით, პროგნოზებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.

ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას.

გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველები და შშმ პირები.

ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხიც, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს:

  • ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
  • 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.

მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.

ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორის, სოფლის მეურნეობის და აწარმოე საქართველოში მონაწილე მეწარმეების დახმარებასაც.

ეკონომიკის ამოქმედების გეგმა

ეკონომიკის ამოქმედების გეგმა, ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და თავის მხრივ 6 ეტაპს მოიცავს, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მთავრობის განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.

მაგალითად, პირველი ეტაპი, რომელიც 27 აპრილიდან ამოქმედდება ითვალისწინებს მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილების აღდგენას, ონლაინ ვაჭრობისა და მიტანის სერვისების ამოქმედებას, ასევე, ღია ტიპის აგრარული ბაზრების აღდგენას.

მეორე ეტაპზე, 10 მაისიდან ამოქმედდება მშენებლობები, ავტოსერვისები და სარეკრეაციო ზონები.

გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე: