საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ვერხოვნა რადას სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. თალაკვაძე წერს, რომ ეს შეარყევს ურთიერთნდობას ქვეყნებს შორის და ჩრდილს მიაყენებს მთავრობების პოლიტიკურ თანამშრომლობას.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"ძვირფასო კოლეგა,

დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგეგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს ვერხოვნა რადაში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას. ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის.

ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას".

სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი, შესაძლოა, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზი გახდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ზელენსკის გადაწყვეტილებას კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს დროს მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა კორუფციაზე საუბარი დაიწყო, თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა, პოროშენკოს განკარგულებით მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს. პოროშენკოს ბრძანებით ის რეადმისიით პოლონეთში დააბრუნეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგ ოდესის ყოფილი გუბერნატორი ქვეყანაში დაბრუნდა. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.