პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქალაქში მანქანებით გადაადგილების აკრძალვის დროს, მისთვის "წარმოუდგენელი" და "შეუძლებელი" იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიეცა გადაადგილების უფლება აღდგომის ღამეს. მან ეს სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების საჭიროებების კონტექტსში მოიხსენია და თქვა, რომ "ეს არის კომპრომისები".

"დილით რომ იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, მიგაჩნია, რომ არასამართლიანია. მესმის, მეც ასე მიმაჩნია. [...] არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომელთა გაჩერება არ შეიძლება. დაწყებული სასურსათო მაღაზიების გამყიდველებით, დამთავრებული სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით. აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა ჩემთვისაც წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისები და ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ეპიდემიას", — ამბობს პრემიერი.

17 აპრილს, მაშინ, როდესაც მანქანებით გადაადგილება ყველასთვის აკრძალა, გაირკვა, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებსა და სტიქაროსნებს გადაადგილების პრობლემა არ ექნებოდათ. ამასთან, აღდგომის ღამეს მრევლი სამების ტაძარში ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან ფეხით მივიდა.