"რატომ სამართალი?" — ესაა ის შეკითხვა, რომელსაც ყველგან გაიგონებ, თუ კარიერის დაწყება იურიდიული მიმართულებით გადაწყვიტე. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა უნივერსიტეტში, გაცნობით შეხვედრაზე, სხვადასხვა საგნის პირველ ლექციაზე, გაცვლით პროგრამებზე დარეგისტრირებისას, სამსახურის ძიებისას — გასაუბრებებზე, თითქმის ყველგან და ყოველთვის მოგიწევს. მას რამდენიმე ვარიაციაც აქვს, მაგალითად, "რატომ გინდა, გახდე იურისტი?", "რას მოგიტანს ეს პროფესია?".

ამ სტატიაში ვეცდებით, სწორედ ამ შეკითხვებს გავცეთ პასუხები და მოგიყვებით ხუთ მიზეზზე, თუ რატომ უნდა ისწავლო სამართლის მიმართულებით.

1. კარიერის მრავალი მიმართულებით განვითარება

ფოტო: Iryna Neyman / Dribbble

აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს შორის "რომ დაასრულებ სწავლას, სად იმუშავებ?" ლიდერობს. მართლაც, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია როცა საქმე მომავალი სპეციალობის არჩევას ეხება. თუმცა, სამართალი ამ კუთხით ყველაზე მოსახერხებელია.

სამართლის აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სხვადასხვა კუთხით განავითარონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა: დასაქმდნენ იურისტებად საჯარო თუ კერძო სექტორში, გახდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, იყვნენ სხვადასხვა იურიდიული ფირმის აგენტები, გააგრძელონ საქმიანობა აკადემიურ სივრცეში და სხვა.

იურისტები არიან ყველგან — მედიაში, კომერციულ თუ სასწავლო დაწესებულებებში, ისინი ქმნიან კანონებს, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხდებიან მსოფლიო ლიდერები. ასე რომ, წინ დიდი თავგადასავალია — საკუთარი ძალების მოსინჯვას კი მრავალ ადგილას შეძლებ.

2. ფინანსური სტაბილურობა

ფოტო: Matt Anderson / Dribbble

სამართალმცოდნეობის ხარისხის მოპოვება, რა თქმა უნდა, გარანტირებულ წარმატებასა და დიდ შემოსავალს არ გულისხმობს, თუმცა თუ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბდები, ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გექნება. იმის გათვალისწინებით, რომ იურისტის კარიერა მეტნაკლებად სტაბილურია და ყველა დროში მოთხოვნადია, შესაძლოა კარგი შემოსავალიც გქონდეს.

მოქნილობა, სხვადასხვა სფეროებში კარიერის გაგრძელება, რის საშუალებასაც იურიდიული განათლება იძლევა, ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ შენი ადგილი იპოვო და ფინანსურ სიძლიერეს მიაღწიო.

3. კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება

ფოტო: Pawel Olek / Dribbble

ცოდნა და უნარები, რომელთაც სტუდენტები იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას იძენენ, მომავალში კომპლექსური სიტუაციების და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარები კი ხელს უწყობს ეფექტიანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას.

გარდა ამისა, იურიდიულზე სწავლა ხელს უწყობს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობისა და სამართლიანობის განცდის ჩამოყალიბებას. ეს ეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ, რა არის ის ადამიანური ფაქტორები, რაც ამა თუ იმ კანონისა და რეგულაციის უკან დგას.

დისკუსიები, მოდელირებები, დებატები, როლური თამაშები ჩამოგაყალიბებს უფრო თავდაჯერებულ პიროვნებად, შეძლებ, ხმამაღლა გამოთქვა მოსაზრება ამა თუ იმ საკითხზე და დაიცვა შენი პოზიცია.

ეს პროფესია განსაკუთრებულ კომუნიკაციის უნარებს მოითხოვს. ამგვარი უნარების ფორმირება კი სწორედ უმაღლეს სასწავლებელში იწყება, რაც სამომავლოდ კარიერულ ცვლილებებთან მარტივად შეგუებასაც უწყობს ხელს.

4. დაფასება და პრესტიჟი

ფოტო: Freepik

ბევრი იურისტი აღწევს წარმატებას სხვადასხვა სფეროში — იქნება ეს უშუალოდ სამართლებრივი საქმიანობა თუ მსოფლიო ლიდერობა. ცხადია, ეს პროფესია ადვილი სულაც არაა და დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა ისინი, ვინც თავიანთ საქმიანობას მოტივაციითა და თავდადებით ეკიდებიან, საზოგადოებაში აღიარებასა და დაფასებას ადვილად აღწევენ.

5. სასიკეთო ცვლილებების შესაძლებლობა

ფოტო: Marius Juozas Žvirblis / Dribbble

სამართლიანობის გრძნობა ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რაც ამ პროფესიის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ. ეფექტიანი კანონების ჩამოყალიბება, სისტემური ხარვეზების გასწორება თუ დაჩაგრული ადამიანების დაცვა ის არასრული ჩამონათვალია, რითაც იურისტებს საზოგადოებისთვის მცირე თუ დიდ მასშტაბებზე სასიკეთო ცვლილებების მოტანა შეუძლიათ.

სწორედ ამ უნარებისა და ცოდნის შეძენას მაღალკვალიფიციურ პროფესორებთან ერთად თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სწავლება განაპირობებს, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გთავაზობთ, სადაც წარმატებული პრაქტიკოსები და მეცნიერები: მოსამართლეები, სახელმწიფო უწყებების მოხელეები, გამოცდილი მკვლევრები, დარგის სპეციალისტები და თანამედროვე სტუდენტური სერვისები გელოდებათ.

თანაც, მხოლოდ ეს არ არის: იურიდიული ფაკულტეტის გარდა, ამავე უნივერსიტეტში შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ისწავლოთ ბიზნესის ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-ფრანგული პროგრამის, ინგლისური ფილოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების ან არქიტექტურის მიმართულებითაც.

დაათვალიერეთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი:

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

ფოტო: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი