მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, ჩეხეთმა შეზღუდვების დიდი ნაწილი გაამარტივა — აკრძალვები მოიხსნა გადაადგილებასა და მოგზაურობაზე, დაჩქარდა მაღაზიებისა და ცენტრების გახსნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სამთავრობო შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოიტეხმა განაცხადა, რომ 24 აპრილიდან მთავრობა 2-ის ნაცვლად 10 ადამიანს მისცემს შეკრების უფლებას. უნივერსიტეტები კი ორშაბათიდან გაიხსნება.

არ იცვლება პირბადეების ტარების ვალდებულება და კვლავ აკრძალულია საჯარო ღონისძიებები.

ჩეხეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორის იყო, რომელშიც კორონავირუსი მარტში უკონტროლოდ გავრცელდა. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის დადასტურებულია 7 188 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2 186 და გარდაცვლილია — 213.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შეზღუდვებისა და აკრძალვების გახანგრძლივების მთავარი მიზანი საავადმყოფოების გადატვირთვის არიდება იყო.

"ჩეხეთში პანდემიას გავუმკლავდით", — განაცხადა მან. მინისტრის თქმით, მოგზაურობისას ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, პირმა კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური შედეგი უნდა წარადგინოს, ან 2-კვირიან კარანტინში მოთავსდეს.

შს მინისტრმა დასძინა, რომ უცხოელ სტუდენტებსა და ევროკავშირიდან სამუშაო ვიზის მქონეებს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მოეხსნებათ.

აკრძალვები დაწესებულებებს დაგეგმილზე ადრე, 14-დღიანი ინტერვალებით მოეხსნებათ. ის სავარჯიშო დარბაზები და ბიბლიოთეკები, რომელთა ფართობი 2 500 კვადრატული მეტრია, 27 აპრილიდან გაიხსნება.

მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სალონები 11 მაისიდან განაახლებენ ფუნქციონირებას, ხოლო სასტუმროები და რესტორნები — 25 მაისიდან. მინისტრმა დასძინა, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შეზღუდვები დაბრუნდება.